თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა არეშიძე სოციალურ ქსელში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ დაწყებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე წერს და ამასთან, იტალიაში ვიზიტის დეტალებს განმარტავს.
საქმე ეხება არეშიძისა და სხვა მისი სხვა კოლეგების მოგზაურობას იტალიის დედაქალაქ რომში, სადაც მოსამართლემ მეგობრებთან ერთად დაბადების დღე აღნიშნა. სამთავრობო მედიები კი მათ მოგზაურობას წარმოაჩენენ ისე, თითქოს ვეტინგის მომხრე მოსამართლეები აშშ-ის საელჩოს მართლმსაჯულების კურატორმა იტალიაში წაიყვანა.
არეშიძის განცხადებით, იტალიაში ვიზიტი პირადი ხასიათის იყო, სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება.
"მაოცებს ის პანიკა, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების იტალიაში გატარებულმა შვებულებამ გამოიწვია. საერთოდ არ ვაპირებდი გამოხმაურებას და რამის ახსნას, მაგრამ რადგან ვრცელდება დეზინფორმაცია, ამ საჯარო პოსტით იმედია დავაკმაყოფილებ ცნობისმოყვარეთა ინტერესს.
ჯერ კიდევ სექტემბერში გადავწყვიტე განსხვავებულ გარემოში შევხვედროდი ამ თარიღს. თანამოაზრეეებიც შემოვიკრიბე (ამ საკითხში), რა თქმა უნდა ჩემი მეგობრები. იმისთვის რომ ვიზიტი სასიამოვნოც ყოფილიყო და ბიუჯეტურიც, ნოემბერში შევიძინეთ ავიაკომპანია ვიზიარის ბილეთები. იანვრის ბოლოს დავჯავშნეთ სასტუმრო, 3 ვარსკვლავიანი, ქალაქ რომში, 3 და 2 ადგილიანი ნომრები. თებერვალში დამატებით გადავიხადეთ ბარგის თანხა. ეს ყველაფერი სართო ჯამში თითოეულს დაგვიჯდა 2000 ლარამდე (შეიძლება ვინმეს გამოადგეს ეს გამოცდილება) [...] არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო, სად და ვისთან ერთად დავისვენებ თუ ვიცხოვრებ.
რაც შეეხება ვეტინგს, ამაზე პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე, დავაზუსტებ რომ ვეტინგს არ ვეწინააღმდეგები, თუ ამის საჭიროებაა. ალიბი არ გვჭირდება. სხვათაშორის ჩემი ამ გეგმის შესახებ, ჩემმა სხვა ბევრმა კოლეგამაც იცოდა, ასევე ისიც თუ ვისთან ვმეგობრობ წლებია, არ არის საიდუმლო. სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება და ფინანსდება, სადაც მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები არ დავდივართ. ეს კამპანია იმ მოსამართლეთა დისკრედიტაციას ემსახურება ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა არ არის პრობლემა, ყოველთვის მქონდა და მექნება ჩემი აზრი და პოზიცია", - წერს არეშიძე.
17 მარტს, მოსამართლე ეკა არეშიძე განაცხადა, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა. მისი თქმით, ის მზადაა, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს.