არჩილ ქიქოძე: ამ ფორმაციის კინოცენტრთან ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტ

არჩილ ქიქოძე: ამ ფორმაციის კინოცენტრთან ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტ

მწერალი არჩილ ქიქოძე კინემატოგრაფისტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ამ ფორმაციის კინოცენტრთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს. მან ეს კინოცენტრში მიმდინარე აქციაზე ფორმულასთან საუბრისას თქვა.

"ამ ფორმაციის კინოცენტრთან ვწყვეტ ყოველგვარ ურთიერთობას, აღარ დავწერ სცენარებს. ადრე ჟიურიში ვიყავი, საერთოდ აღარ მივიღებ მონაწილეობას. ამ ხალხს ვუერთდები იმიტომ, რომ კინომოღვაწეებისგან კიდევ უფრო დასაფასებელია ეს სოლიდარობა... მე დარწმუნებულ ვარ, რომ ეს მარტო კულტურის სამინისტროში კი არა, აბსოლუტურად ყველგან ხდება, უბრალოდ ხელოვანს ყოველ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მეტი თავისუფლება და აგერ არის შედეგი"- ამბობს ქიქოძე.

კინოცენტრში ბოიკოტი გრძელდება. კინემატოგრაფისტებმა დღეს მორიგი განცახდება გააკეთეს და კიდევ ერთხლ აღნიშნეს, რომ მათი ერთიანობა უპრეცედენტოა.

21 აგვისტოს კულტურის სამინისტროს რეპრესიული პოლიტიკის გამო, კინემატოგრაფისტებმა კინოცენტრს ბოიკოტი გამოუცხადეს და განცახდება გაავრცელეს.

განცხადებაშ ნათქვამია, რომ პროტესტის ნიშნად, კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.~

***

კინემატოგრაფისტები უკვე რამდენიმე თვეა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ მინისტრი თეა წულუკიანი სფეროში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობს.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი. ამასთან, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი, კერძოდ, აირჩეს კონკურსის საფუძველზე.

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც მანამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო არხ POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი, რომლებიც კინოცენტრში მიმდინარე ცვლილებებს აპროტესტებდნენ.