
შსს აცხადებს, რომ არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 ადამიანი დააკავეს.
9-ვე დაკავებული არასრულწლოვანია.
უწყების ცნობით, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დაზარალებული მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ.
"ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა ა.ხ.-ზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს", - წერია შსს-ის განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დაკავებულ არასრულწლოვნებს თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.