არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და საგამოძიებო უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს - ომბუდსმენი მიუთითებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
"სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.
ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის. 6 მაისს გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი არასრულწლოვანს სექსუალურად ავიწროებს - ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სკოლის დირექტორის თანამდებობა დატოვა მძღოლის ცოლმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება პირველ მაისს დაიწყო.