არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები ერთობლი განცხადებას აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ მზად არიან უფასო იურიდიული დახმარება გაუწიონ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა იმ საჯარო მოხელეების მიმართ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, რომლებიც საკუთარ პოზიციას გამოხატავენ და ემიჯნებიან ქართული ოცნების არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს.
"გამოვხატავთ მზაობას უფასო იურიდიულ დახმარება გავუწიოთ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის, სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს.
თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ პოზიციას გამოხატავენ ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ და ემიჯნებიან ქართული ოცნების მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების სრული დაცვა. დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება", - წერია განცხადებაში.