"არაეკონომიური ხარჯვა გამოვლინდა" - აუდიტი დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესს აფასებს

"არაეკონომიური ხარჯვა გამოვლინდა" - აუდიტი დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესს აფასებს

"საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა, საცხოვრებლების არასამართლიანი განაწილება და ბინების გადაცემა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც გრძელვადიან განსახლებას არ საჭიროებდნენ" - სახელმწიფო აუდიტი დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროცესს აფასებს.

"თბილისში, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, მენაშენის მოთხოვნით, სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდის საფუძვლით, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება. ფასების ზრდის პერიოდისთვის, სააგენტოს მიერ 100%-ით იყო გადახდილი ავანსი, რომელიც სრულად ფარავდა მშენებლობის თვითღირებულებას.

ამასთანავე, არ მომხდარა გარემოებათა სხვა არსებითი ცვლილება, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო. შედეგად, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა", - ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშის მიხედვით, გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზით უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე, რის გამოც 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაიკარგა.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცესში დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობების გამო, პროცესი დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს ბადებს.