"არაა საინტერესო" - კობახიძე არ პასუხობს, უქმნის თუ არა უხერხულობას რომ რუსები ციტირებენ

"არაა საინტერესო" - კობახიძე არ პასუხობს, უქმნის თუ არა უხერხულობას რომ რუსები ციტირებენ

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას, უქმნით თუ არა უხერხულობას, რომ გაეროში რუსეთის ელჩმა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დასადანაშაულებლად ქართული ოცნების განცხადება წაიკითხა.

ის ამბობს, რომ "ეს არ არის საინტერესო".

კობახიძეს ასევე ჰკითხეს, უქმნის თუ არა ქართული ოცნების განცხადება რუსეთს მტკიცებულებას, რომ მათი ბრალეულობა გაქარწყლდეს და ბრალი დაედოს წინა ხელისუფლებას, რაზეც მან უპასუხა, რომ "ენმ-ს დასჯა არ ნიშნავს ვინმეს გათავისუფლებას საკუთარი ბრალეულობისგან".

"სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობა არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის ჩვეულებრივი ბრალეულობა, რომელზეც თავისუფლად შეიძლება ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობაზე.

რეალურად, მოხდა მარტივი რამ - სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს არის მისი ბრალეულობა და ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და განახორციელა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ბრალეულობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთის ბრალეულობა მეორეს ბრალეულობას არ გამორიცხავს. ბრალეულობა არ იქნებოდა, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნებოდა ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით არის ნათელი, ნაცმოძრაობის დასჯა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე გათავისუფლდება საკუთარი ბრალეულობისგან", - ამბობს კობახიძე.

გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ელჩმა დმიტრი პოლიანსკიმ საქართველოს დასადანაშაულებლად ქართული ოცნების განცხადება წაიკითხა.

საქართველოს აგრესორად გამოსაცხადებლად პოლიანსკიმ მმართველი პარტიის ციტირება მოახდინა. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ყოველწლიურად აკვირვებს დასავლეთის ქვეყნების სურვილი, განიხილონ "სააკაშვილის მიერ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საკითხი".

***

13 ივლისს ქართულმა ოცნებამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნდა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ რიტორიკას ავითარებს და ომის დაწყებაში ქართულ მხარეს, კერძოდ კი საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

"ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება", - წერია განცხადებაში.