კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - უკვე რამდენიმე თვეა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანის უწყების რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
მორიგი საპროტესტო ტალღა კინოცენტრში გამოცხადებული "რეორგანიზაციის" შემდეგ დაიწყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი ამ პროცესების საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტმა, ბაჩო ოდიშარიამ, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან თქვა, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვებოდა.