აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადაციო პატიმრობა კვლავ 3 თვით გახანგრძლივდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სადიგოვის წარმომადგენელი, ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან, ქეთი ჩუთლაშვილი გირაოს სანაცვლოდ სადიგოვის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აფგან სადიგოვი საპატიმროში დღემდე შიმშილობს.
2024 წლის პირველ ნოემბერს, ჟურნალისტის ადვოკატებმა სადიგოვისთვის საექსტრადაციო პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა არ დააკმაყოფილა, ასევე, არც გირაოს შუამდგომლობისა და პირადი თავდებობის საკითხიც დაკმაყოფილდა.
სადიგოვი სასამართლო პროცესზე დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობდა, რომლის შესახებაც ხუთი სიუჟეტი მოამზადა და მისივე თქმით, ეს მისი დაპატიმრების მიზეზია.
"მე არასდროს ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, უბრალოდ ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ვაკრიტიკებდი და ვამხელდი მის დანაშაულებს", - თქვა ნოემბრის სასამართლო სხდომაზე სადიგოვმა.
3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ - 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს.
ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო.