სასამართლოს გუშაგის ცნობით, აპრილში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე, მოქმედ ყოველთვიურ ხელფასთან, დანამატის სახით მიიღებს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს.
ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 17 აპრილის სხდომაზე მიიღო.
მოსამართლეთა დანამატი, ჯამში 1 300 000 ლარზე მეტი იქნება.
"ცნობისათვის - მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, ხოლო დანამატებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღსანიშნავია, რომ დანამატების ოდენობა ან მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, ნებისმიერი ოდენობის დანამატი გასცეს მოსამართლეებზე.
მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების წესის გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფართო დისკრეციას ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, მოსამართლეზე გავლენის მოხდენის რისკს ზრდის. ამჯერადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავისი ფართო უფლებამოსილების ფარგლებში, აპრილის თვეში განსაზღვრა დანამატი, რომლითაც, ფაქტობრივად, მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო გააორმაგა"- ნათქვამია განცხადებაში.