ანთაძე დოთიაშვილზე: გვითხრეს, თავს კარგად გრძნობსო, ველოდებით, რომ დავაბრუნოთ და დავრწმუნდეთ

ანთაძე დოთიაშვილზე: გვითხრეს, თავს კარგად გრძნობსო, ველოდებით, რომ დავაბრუნოთ და დავრწმუნდეთ

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტებმა მას გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია. ანთაძის თქმით, საოკუპაციო რეჟიმისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ დოთიაშვილი კარგად გრძნობს თავს.

"საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა"- თქვა ანთაძემ.

ერგნეთში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა იყო, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და დღეს უკანონოდ გატაცებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლონ.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.