ამერიკის ხმა: "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა

ამერიკის ხმა: "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ცნობით, "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. მისი წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანაწარმდგენი კი დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო მაცნეში წერია, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მისი განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და დამატებით, იურიდიული კომიტეტის პრეროგატივა იქნება იმის შესაბამისად, თუ აქტის რომელი ნაწილი, რომელი კომიტეტის იურისდიქციაში და უფლებამოსილებაში მოექცევა.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება - აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, "ქართული ოცნების" მთავრობაზე.

მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე - ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით, თანასპონსორობით წარუდგინა.

ამასთან, აქტის დამტკიცების შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს, აშშ-ის პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად აქტში დასახელებულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები.

კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

ამერიკის ხმას ექსკლუზიურ ინტერვიუში აქტის სახელწოდების ავტორმა და ინიციატივის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა განუცხადა, რომ ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით.

"ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია", - ამბობს კოენი ამერიკის ხმასთან.