ამერიკის კინომსახიობთა გილდიის 160,000-მდე მსახიობი უკეთესი სამუშო პირობებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენისგან დაცვის მოთხოვნით გაიფიცა. მათ შორის არიან ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებიც.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკული კინომსახიობთა გილდიისა და ტელევიზიისა და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებული პროფკავშირის მოლაპარაკებები (SAG-AFTRA) სტუდიებთან და ინტერნეტ ტელევიზიის ქსელებთან უშედეგოდ დასრულდა.
მსახიობები შეუერთდნენ სცენარისტების პროტესტს, რომელიც უკვე 3 თვეა, მიმდინარეობს.
ამერიკული კინომსახიობთა გილდია უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელებისგან, როგორებიცაა Netflix, Disney, Paramount მოითხოვს, გაიზარდოს ჰონორარი და შეიქმნას უკეთესი სამუშო პირობები მსახიობებისათვის.
ამასთან, გილდიას სურს, დაიცვას მსახიობები ხელოვნური ინტელექტის გავლენისგან და ითხოვს გარანტიებს, რომ კომპიუტერით გენერირებული სახეები და ხმები არ გამოიყენონ მსახიობების ჩანაცვლებისთვის.
დიდმა კინოსტუდიებმა ამერიკულ კინომსახიობთა გილდიას შესთავაზეს, რომ დაიცავდნენ მსახიობების ციფრულ გამოსახულებას და გამოყენება მხოლოდ მსახიობების თანხმობის შემთხვევაში შეეძლებოდათ. თუმცა, გილდიამ ამ წინადადებაზე უარი თქვა.
"ისინი გვთავაზობენ, რომ ჩვენი შემსრულებლების სკანირება მოახდინონ და გადაიხადონ მხოლოდ ერთი დღის თანხა, რის შემდეგაც კომპანიას ექნება საშუალება უსასრულოდ გამოიყენოს ეს ციფრული სურათი. თუ ფიქრობთ, რომ ეს უპრეცედენტო შემოთავაზებაა, გირჩევთ, ხელახლა დაფიქრდეთ“ - განაცხადა ამერიკული კინომსახიობთა გილდიის დირექტორმა დუნკან კრაბტრემ.
სანამ გაფიცვა გრძელდება, მსახიობებს არ შეუძლიათ გამოჩნდნენ ფილმებში ან პოპულარიზაცია გაუწიონ აწ უკვე გამოსულ ფილმებს, ამასთანავე, მსახიობები ვერ შეძლებენ, ხელახლა გადაიღონ სცენები და მიიღონ მონაწილეობა ფილმის გადაღების სხვა პროცესებში. შეწყდება უკვე დაწყებული ფილმების გადაღებებიც.
კერძოდ, გადაიდება ისეთი სერიალებისა თუ ფილმების გადაღებები, როგორებიცაა "დრაკონის სახლი“, "ანდორი და გლადიატორი 2“, ამასთან გადაიდება ბევრი დაჯილდოება და შოუც.
მსახიობების საპროტესტო აქცია 14 ივლისს დილით Netflix-ის კალიფორნიის ფილიალიდან დაიწყება და მსვლელობა Paramount, Warner Bros და Disney-სკენ გადაინაცვლებს.
13 ივლისის ღამეს, როცა გაფიცვა გამოცხადდა, მსახიობებმა კილიან მერფიმ და ემილი ბლანტმა ფილმ "ოპენჰაიმერის" ლონდონური პრემიერა დატოვეს.