კონგრესმენი, პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის რანგის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, ჯერი კონოლი და დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მიესალმებიან.
მათი განცხადებით, ივანიშვილის ხელმძღვანელობით ოცნებამ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს დაუახლოვა, როდესაც უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიიღო, საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ იძალადა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეაჩერა.
"მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რისი მიზეზიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ზიანის მიყენება გახდა. ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს დაუახლოვა, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ძალადობა გამოიყენა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ და შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.