პენტაგონის პრესმდივნის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, ამერიკას ახლო აღმოსავლეთში 900-მდე სამხედრო გადაჰყავს.
რაიდერის თქმით, მათ შორისაა ძალები, რომლებიც მანამდე მზადყოფნაში იყვნენ და აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან გადაჰყავთ. პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამხედროების დისლოკაციაზე დეტალურ ინფორმაციას ვერ გამოაცხადებს - თუმცა აკონკრეტებს, რომ ისინი ისრაელში არ იქნებიან.
რაიდერი აღნიშნავს, რომ 17-26 ოქტომბრის პერიოდში აშშ და კოალიცია ერაყში დრონებისა და რაკეტების სამიზნე სულ მცირე 12-ჯერ გამხდარა, ხოლო 4-ჯერ სირიაში. გენერლის განცხადებით, აშშ-ის ბაზებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჯგუფებს, რომლებიც ირანთან არიან კავშირში.
გარდა ამისა, რაიდერი ამბობს, რომ ამერიკა ისრაელში 2 სისტემას გაგზავნის, რომელიც საჰაერო თავდაცვას გააუმჯობესებს და მოსახლეობას სარაკეტო დარტყმებისგან დაიცავს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ცნობები სირიასა და ირანში ამერიკის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესახებ პერიოდულად ვრცელდება. ასე მაგალითად 19 ოქტომბერს სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმა მოხდა ალ-ტანფსა და ასევე სხვა ამერიკულ ბაზაზე - კონოკოში. ამასთან, ერაყში შეერთებულმა შტატებმა სამი დრონი ჩამოაგდო.