"ამ თავხედურ თავდასხმაზე პასუხია - არა რუსულ მთავრობას" - გირჩი/დროა რუსულ კანონზე

"ამ თავხედურ თავდასხმაზე პასუხია - არა რუსულ მთავრობას" - გირჩი/დროა რუსულ კანონზე

გირჩი-მეტი თავისუფლება - დროა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება "ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა".

პარტიები მიიჩნევენ, რომ "ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება საჭიროებს ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას".

"რუსული კანონის დაბრუნება ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა თავგანწირვისა და ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური გარემოს სწორი შეფასების წყალობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყანას დამატებითი დაბრკოლება შეუქმნას.

ეს არის ივანიშვილის შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთად ვიბრძოდით თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის, მარტის მოვლენების დროს. ეს პროვოკაცია განსაკუთრებით თავხედური და ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც ლაზარე გრიგორიადისი კვლავაც ციხეში პოლიტიკურ მძევლად რჩება. საქართველო ევროპაა და არასოდეს იქნება რუსეთი!

მიგვაჩნია, რომ ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის „არა რუსულ მთავრობას!". ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება საჭიროებს ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას.

ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. არა რუსულ რეჟიმს!"- ნათქვამია განცხადებაში.

***

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".

***

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.