უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, რომელიც ამჟამად საადვოკატო საქმიანობას ეწევა, ფორმულასთან ჰყვება, რომ მის მიმართ გაჟღერებული მუქარა რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება.
კერძოდ, დღეს მან TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, "ტვინს გაასხმევინებდნენ".
ალავიძის თქმით, მუქარის მესიჯი მან უზენაესის სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო, თუმცა თავისი ვერსიები და ვარაუდები აქვს, კონკრეტულად ვინ იდგა ამის უკან, რასაც ამჟამად არ ასახელებს.
ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება.
"ეს მუქარა, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა, უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმეს და ამ საქმის განხილვის პროცესში იყო ასეთი შეტყობინება ჩემთან მიმართებით მოსული, რომ თუ არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, ტვინს გამასხმევინებდნენ. ამ შეტყობინებაში სხვა პირებიც არიან ჩართულები და მე ვახსენე, რომ ეს მოდიოდა უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარის მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, მას უთხრეს, რომ ჩემამდე მოსულიყო მსგავსი ტიპის შეტყობინება და ვინ უთხრა, ჩემი ვერსიები და ვარაუდები მაქვს, კონკრეტულად არ შემიძლია [თქმა]. დარწმუნებული ვარ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ჩატარდება ობიექტური გამოძიება, ეს ყველაფერი დადგინდება და ის ადამიანები, რომლებმაც მოიტანეს ჩემთან ეს მესიჯი, ალბათ იტყვიან, ეყოფათ ვაჟკაცობა, რომ ეს ყველაფერი თქვან", - ამბობს ალავიძე.
ალავიძე იხსენებს, რომ 2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მმართველ პარტიას მოსამართლეებმა პირობა მისცეს, რომ ხელისუფლებას გვერდში დაუდგებოდნენ და ყველა საქმეს შეუსრულებდნენ, ამის სანაცვლოდ კი ბიძინა ივანიშვილმა მათ "ჩადენილი ცუდი საქმეები აპატია".
"ექსკლუზიურად ვაჟღერებ თქვენს ეთერში ამას, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით 2012 წელს და მიდიოდა დღევანდელი სასამართლო კლანის ახალ პატრონთან გადაბარების პროცესი, მათ შორის, ერთ-ერთი საქმე იყო რუსთავი 2-ის საქმე, დეტალებში არ ვიტყვი საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, როცა დადგება ამის აუცილებლობა, გავაჟღერებ ამას დეტალებში და მათ შორის, ერთ-ერთი საქმე სადაც იყო ინტერესი ახალი პოლიტიკური ძალის და მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, იყო ეს ერთ-ერთი საქმეც, სხვა მრავალ საქმესთან ერთად და სასამართლო კლანმა აიღო ვალდებულება, სანაცვლოდ მათ ის ცუდი საქმეები, რომელსაც თვითონ ქართული ოცნებაც აღიარებს, რომ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ ადრე, აპატიეს ეს ცუდი საქმეები და ამ პატიების სანაცვლოდ პირობა იყო მიცემული, რომ კლანი დაუდგებოდა ქართულ ოცნებას გვერდით და შეუსრულებდა ყველა საქმეს. ეს უწყვეტად გრძელდება და ამ საქმეების შესრულებასთან ერთად, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კლანის გაძლიერების პროცესი, ანუ მათთვის სასურველი საკანონმდებლო ცვლილებები", - ამბობს ალავიძე.
ალავიძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მისი გადაწყვეტილება არ იყო თავისუფალ გარემოში მიღებული და ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის ძალოვნები, მოსამართლეებისკენ იყვნენ მიმართული და მისი თქმით, ამიტომ ვერ ხდებოდა კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება.
"ფაქტია, რომ ამ საქმეზე რა გადაწყვეტილებაც გამოვიდა, ის გადაწყვეტილება ჩემს მიერ არ იყო თავისუფალ გარემოში მიღებული, დარღვეული იყო თათბირის საიდუმლოება, თვითონ საქმის განხილვის წესი და პრინციპები, ის რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული და კანონმდებლობით, რომ მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, თუმცა, მე არ ვაპირებ თავის მართლებას და ჩემ წილ პასუხს ყოველთვის ვაგებ და ამისთვის მზად ვარ, იმ პირობებში, როცა ხელისუფლების ყველა შტო, განსაკუთრებით ძალოვნებს ვგულისხმობ, არის მომართული ბრჭყალებში ვიტყვი - იარაღით, და ამ პირობებში გიწევს გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერი", - ამბობს ალავიძე.