ალასანიას თქმით, სააკაშვილი 58 კგ-ს იწონის

ალასანიას თქმით, სააკაშვილი 58 კგ-ს იწონის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი 58 კგ-ს იწონის.

"რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძეს მოსვლა, ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რეფიდინგს, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ ერთ-ერთი მისი აი ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზი იყო სწორედ ეს რეფიდინგი, რომელიც ჩაუტარდა იქ. და ამიტომ არის ეს უარი. წონა აქვს უკვე 58 კგ. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს იმ კალორიებს, 1500-ს, რომელსაც ესენი [ექიმები] ითხოვენ", - თქვა ალასანიამ.

ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ელენე გიორგაძის გარდა, მათ სხვა ექიმების მოწვევაც შესთავაზეს, თუმცა მისი თქმით, ეს სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ამასთან, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ 7-8 მარტს სააკაშვილმა აღადგინა კვება და მას შემდეგ, რაც წონაში მომატება დაიწყო, შეწყვიტა საკვების გარკვეული ნაწილის მიღება. ამ ინფორმაციას ალასანია არ ადასტურებს და ამბობს, რომ ისევ იგივე რაციონი აქვს სააკაშვილს და ის გამიზნულად არ ამბობს საკვების მიღებაზე უარს. ჩხაიძის თქმით, ახლა სააკაშვილი 11 კგ-ით მეტს იწონის და მისი წონა 64 კგ-ს შეადგენს.