საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, კლინიკაში მისი ვიზიტის დროს სააკაშვილს გონების კარგვის ორი ეპიზოდი ჰქონდა.
ალასანია ამბობს, რომ პალატაში სააკაშვილი ორი ადამიანის თანდასწრებით დაეცა და მას შავი ფერი ჰქონდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წონა 62 კგ-ია.
"ზურგით დაეცა. მაგრამ დაეცა ერთია, გაშავდა ადამიანი, დაეხუჭა თვალები და გაშეშდა. ექთანმა გადაწყვიტა, რომ მაინც მოეხმაროს და მაინც გაიყვანოს. საიდანაც უნდა გასულიყო ერთი ოთახიდან მეორეში, აი, იმ კარებთან რომ მივიდა, უცბად დავინახე, რომ ისევ დაიკლაკნა მთლიანად, როგორც პირველ შემთხვევაში და მე ხომ უკვე ვნახე ეს", - თქვა ალასანიამ.
სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.