მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევის, მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს.
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, "არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზე" საუბრობს.
განცხადება სრულად:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის მიმდებარედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ წიწაკის სპრეის გაშვებამდე გამაფრთხილებელი სიგნალი არ ყოფილა.
ადგილზე ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია განსაკუთრებული რაოდენობით რობოკობები და წყლის ჭავლის მანქანები.
"არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულდა, ის ხვალ გაგრძელდება.
დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს.
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.
გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.