ქართველი აქტივისტები ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლასა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიმართ პეტიციას აქვეყნებენ.
ისინი განცხადებით ყველა იმ ჩინოვნიკის დასანქცირებას მოითხოვენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსული კანონის მიღებაზე.
კერძოდ, აქტივისტების თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული კანონის მიღებასა და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში.
"პარტია "ქართული ოცნება" და საქართველოს მთავრობა კორუმპირებული მოსამართლეების მხარდაჭერით აპირებენ "უცხოელი აგენტის კანონის" დანერგვას, რომელიც ზღუდავს საქართველოს დემოკრატიას და მისი მოქალაქეების ინდივიდუალურ უფლებებს. უმთავრესია ამ პოლიტიკოსებზე ზეწოლა, რომ უარი თქვან ამ კანონზე და არ გადაუხვიონ ქვეყანა ევროპული გზიდან! ქართველები თავს ევროპელებად მიიჩნევენ და სურთ ევროკავშირთან დაახლოება. ამავდროულად, ძალადობა და პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირებში "ქართული ოცნების და მთავრობის მიერ იყო ორკესტრირებული, პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. პარტია "ქართული ოცნება" საქართველოს კოშმარად აქცევს!
სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, კახა კალაძეზე, მამუკა მდინარაძეზე, ანრი ოხანაშვილზე, ზვიად ხარაზიშვილზე, შალვა პაპუაშვილზე, პარტია "ქართულ ოცნებაზე", მურუსიძის სასამართლო კლანზე, პარლამენტის 84-ვე დეპუტატზე, რომლებმაც 2024 წლის 28 მაისს რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს და მთავრობის ყველა წევრის მიმართ, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად. ისეთ ზომებს, როგორიცაა სამგზავრო შეზღუდვები და ქონების გაყინვა, შეუძლია მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამ კანონისა და მათი არადემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ", - წერია პეტიციაში.