გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, აი, ფაქტი ქართული ოცნების დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის ბიზნესისა და პრივილეგიების შესახებ წერს.
სტატუსს თანახმად, სახელმწიფო დეპუტატის ოჯახის სამსახურში რამდენჯერმე ჩადგა:
სარგებელი ცოლის კომპანიას - სასტუმრო კურორტ გოდერძიზე
გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც ბოლო წლებში მომხიბვლელ ტურისტულ ადგილად იქცა, პარლამენტარის ცოლის, თინა ბოლქვაძის კომპანიის სასტუმრო დგას. 40-ნომრიანი სასტუმრო “არსიანი” აქ 2020 წელს გაიხსნა და მისი ოფიციალური მფლობელი შპს “აისი გოდერძია”.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ფუნქციურია და ტურისტებს მეოთხე წელია მასპინძლობს, ანზორ ბოლქვაძის მიერ 2021-2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში “არსიანიდან” მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება. თუმცა, იმას კი უთითებს, რომ მისი ცოლისაა შპს “აისი გოდერძი”, რომელიც სასტუმრო “არსიანს” ფლობს.
გამოდის, რომ თავად "გამჭვირვალობის" მომხრე დეპუტატი, რომელიც ხმას აძლევს რუსულ კანონს, საკუთარ ფინანსებს წარმატებით გვიმალავს.
“ჩემს ქვეყანას სჭირდება და იმიტომ დავუჭირე მხარი… დეკლარაციის ასახვაა მანდ, მაგ კანონში, მეტი არაფერი არ არის“, - ამბობდა დეპუტატი 2024 წლის მაისში, “ტვ-25”-თან საუბრისას.
სასტუმროს მფლობელი კომპანია, შპს “აისი გოდერძი” 2017 წელს ანზორ ბოლქვაძის ვაჟმა, ნოდარ ბოლქვაძემ როლანდ და რაინდი შანთაძეებთან ერთად დააფუძნა. 2019 წელს კი ნოდარმა თავისი 33.3%-ანი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს, სიმბოლურ 1 ლარად მიჰყიდა. მას შემდეგ, ეს კომპანია დეპუტატის ცოლის და შანთაძეების საკუთრებაა.
პარლამენტარის თოვლმავალი
გოდერძიზე თუ ზამთრის თოვლიან ამინდში ახვალთ და ადიგენის შემდეგ თქვენი ავტომობილით წასვლას ვერ მოახერხებთ, ბოლო უბნიდან, უტყისუბნიდან კურორტ გოდერძიმდე სპეციალური თოვლმავალი აგიყვანთ. ეს სატრანსპორტო საშუალება ანზორ ბოლქვაძის ოჯახის კომპანიას ეკუთვნის.
როგორ ჩაერთო ამ ბიზნესში “ოცნების” დეპუტატი? 2017 წლის ბოლოს, აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კურორტ გოდერძის დამსვენებლებს ახალი სერვისი - სპეციალური თოვლმავლით გადაადგილება შესთავაზოს. ამისთვის კი 380 000 ლარის ოთხი ხელშეკრულება უკონკურენტო პირობებში შპს “გოდერძირეზორტსმა” (რომელიც აჭარის ა/რ-ის მიერ შექმნილი კომპანია) თინა ბოლქვაძის კომპანიას, შპს “აისი გოდერძის” გაუფორმა.
კომპანიას ჰყავს 1999 წლის გამოშვების მუხლუხა ტრაქტორი, რომლითაც 10-12 ადამიანი კურორტზე აჰყავს და ჩამოჰყავს. არადა, პირველი ხელშეკრულების სატენდერო მოთხოვნებით, ეს სპეციალური თოვლმავალი მინიმუმ 2000 წელს გამოცემული უნდა ყოფილიყო. შემდეგ, მოთხოვნა გადააკეთეს და 1999 წელზე ჩამოიყვანეს.
ერთ რეისში სახელმწიფო ბოლქვაძეების კომპანიას 2017 წელს 295 ლარს უხდიდა, 2024 წელს კი ერთი რეისის ფასი სულ ცოტა ორჯერ, 642 ლარამდე გაძვირდა. ეს ერთგვარი სახელმწიფო სუბსიდიაა და დამსვენებელი ადგილზე მხოლოდ 30 ლარს იხდის.
ბეტონის საამქრო
ხულოდან ორ კილომეტრში, სოფელ ვაშლოვანში, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ვაჟი ბეტონის საამქროს ფლობს. იქ წარმოებული ბეტონით, თავისივე კომპანიას, შპს “ბოლქვაძის გარაჟს” ამარაგებს. “ბოლქვაძის გარაჟისგან” კი ბეტონს ხულოს მერია ყიდულობს ხოლმე, სოფლის გზების დასაგებად.
როგორ გახდა საამქრო ნოდარ ბოლქვაძის საკუთრება? გრძელი ისტორიაა და მაშინ დაიწყო, როცა ანზორ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. საამქროს 370 კვ.მ ფართობის შენობა 3 424 კვ.მ მიწაზე დგას.
2007 წლის აგვისტო - 10 611 ლარის ღირებულების ეს უძრავი ქონება აჭარის ავტონომიურმა მთავრობამ შპს “აგროტექსერვისის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ამ დროს ამ კომპანიის დირექტორი ნოდარ ქონიაძე იყო. ქონიაძის გვარი დაიმახსოვრეთ, მას და მისი ოჯახის წევრს ბოლქვაძეების გარემოცვაში კიდევ არაერთხელ წავაწყდებით.
ორი ხელისუფლების მსახური
ანზორ ბოლქვაძე ხულოს ოლქის “მარადმწვანე” დეპუტატია. პოლიტიკური კარიერა “ნაციონალური მოძრაობის” დროს, 2006 წელს დაიწყო. ჯერ ხულოს გამგეობაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2007-2016 წლებში კი პარლამენტში ხულოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
2016 წლიდან ბოლქვაძე “ქართულ ოცნებაში” გადაპორტირდა და ისევ ხულოს მაჟორიტარობა გააგრძელა. აი, უკვე წელს კი მმართველმა პარტიამ ის ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატად მიავლინა.
ეს პოზიცია “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, გამოიგონა. 2024 წლის 15 მაისს ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსში და პარტიებს მიეცათ უფლება, პროპორციული სიიდან მათთვის სასურველი 30 ადამიანი ამა თუ იმ რეგიონის დელეგატად დაასახელონ.
მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ამ სიახლის მიზანი რეგიონის პრობლემებზე უკეთ ზრუნვაა. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე მომუშავე მკვლევრები კი ფიქრობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამ გზით მაჟორიტარების სისტემა შეინარჩუნა.
ანზორ ბოლქვაძე აქტიური კანონმდებელია და პარლამენტში კანონშემოქმედებითაა დაკავებულიო, ვერ ვიტყვით. ის პარლამენტში ყოველ მე-5 კენჭისყრას არ ესწრებოდა. ჯამში, გამოტოვებული აქვს 2 884 კენჭისყრა. მაგალითად, 2014 წელს ის არც სიტყვით გამოსულა და არც ინიციატივით. 2016-2018 წელს კი მხოლოდ ორი სიტყვით გამოსვლა ჰქონდა.
სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ აქ.