"ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ", - ასე ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთთან ბრძოლის შედეგად დაღუპული გმირის, თამაზ ნიკიტინის ცოლი, მარი სამუშია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
"ბოდიში?! რისთვის ხალხო? ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?! ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების წამებისთვის? (ჩვენი მხრიდან, წამების ერთი ფაქტი არ არსებობს), რომლებსაც დღემდე სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული?! და ყველაზე მთავარი - ჩვენს შვილებს რა ვუთხრათ?! მამაშენი ჩვენი ქვეყნის დაცვას კი შეეწირა, მაგრამ შენ ბოდიში გაქვს მოსახდელი თქო?! ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ", - წერს სამუშია სოციალურ ქსელში და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
***
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".