აგვისტოს ომის გმირის ემზარ წილოსანის ცოლი: ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის გმირების ოჯახებმა?

აგვისტოს ომის გმირის ემზარ წილოსანის ცოლი: ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის გმირების ოჯახებმა?

"ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!" - ასე ეხმაურება შინდისის ბრძოლის გმირის ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი ოლიგარქ ივანიშვილის განცხადებას ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე.

"ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?

ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!! ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო…

ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!"- წერს წილოსანი.

***

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".