აგენტების კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო კოლდარს 2 წლითა და 3 თვით წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დავით კოლდარი და გიორგი კუჭუაშვილი 12 მაისს დააკავეს.
კოლდარს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ის წარდგენილ ბრალდებას სრულად აღიარებს.
კუჭუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის არ უარყოფს, რომ პოლიციელების მიმართულებით პლასტმასის ბოთლი ისროლა, თუმცა ბრალდების კვალიფიკაციას არ ეთანხმება - ამას პოლიციელზე თავდასხმად არ მიიჩნევს.