ადვოკატის თქმით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში სასტიკად იძალადეს

ადვოკატის თქმით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში სასტიკად იძალადეს

რეჟისორი დათა თავაძე ადვოკატ მარიამ პატარიძეზე დაყრდნობით წერს, რომ მის კოლეგაზე, გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში სასტიკად იძალადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში აგრესიულობით გამოირჩეოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელმაც საკუთარი თავი არ წარუდგინა დაკავებულებს - მარიამ პაიჭაძეს, გურამ მაცხონაშვილსა და სონა კალანდაძეს.

როგორც ცნობილია, ის აქტიურად ცდილობდა აქტივისტების ტელეფონების დათვალიერებას, თუმცა გურამ მაცხონაშვილს ტელეფონი თან არ ჰქონდა და ამის გამო კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყეს.

EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის ცნობით, პოლიციის განყოფილებაში შეყვანის დროს სონა კალანდაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თმით მოქაჩეს. თმით მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეც.

"პოლიცია თავს არ იკავებდა დაკავებულების დაშეიმებისგან და პროტესტში ჩართულობის აბსურდულობაზე უთითებდა. აინტერესებდათ ტატუების მნიშვნელობა და გამოხატავდნენ ირონიას", - წერს მიქელაძე.

მაცხონაშვილი, პაიჭაძე და კალანდაძე გუშინ, 18 იანვარს, თემქის განყოფილებასთან დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებულებს ნიღბის ტარებას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. დიდი ალბათობით, სასამართლო პროცესი ორშაბათს ჩაინიშნება.