ადვოკატი: პოლიციას შეეშალა და კვარაცხელია და ტყემალაძე სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა

ადვოკატი: პოლიციას შეეშალა და კვარაცხელია და ტყემალაძე სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა

ადვოკატ მარიამ მაღრაძის ინფორმაციით, რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე პოლიციამ შეცდომით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა.

"მათი მიზანი იყო იმ მანიფესტანტების დაკავება, რომლებიც ფეიერვერკს ისროდნენ აქციაზე და ჩაცმულობით მოხდა მიმსგავსება. რეალურად ამის გამო აედევნენ. როგორც რატიმ მომახსენა, კრიმპოლი იყო. აღმოჩნდა ისე, რომ შეეშალათ, სხვა პირების დაკავება სურდა პოლიციას, თუმცა რეალურად, შემთხვევით, შერჩევითი მექანიზმით სხვა ადამიანები დააკავეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავების მომენტში არც ერთ მათგანს არ ეცვა ფორმა", – ამბობს ადვოკატი.

ახალგაზრდები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლებით დააკავეს.

ადვოკატის განცხადებით, ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე დამკავებელთა იდენტიფიცირებას ვერ შეძლებდნენ, რადგან დაკავების მომენტში არ წარუდგენიათ თავი, არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, არ განუცხადებიათ რომ იყვნენ პოლიციელები და ასევე ადგილზე არ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებით.

კვარაცხელია და ტყემალაძე საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე გუშინ ღამით დააკავეს და გაიტაცეს.

"რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით მე და ჩემი მეგობრები, რა დროსაც ერთი ნიღბიანი და რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი შევამჩნიეთ, რომლებმაც 2 ადამიანი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ვიდეოს გადაღება დავიწყეთ, ვეკითხებოდი სად მიჰყავდათ და მომაძახეს თქვენც ხომ არ გინდათ წამოსვლაო. საბოლოოდ გამწიეს და წავიდნენ. პოლიციასთან თავად მივედი და ოქმი დავწერე. ადგილზე კრიმინალური პოლიცია არ მოსულა", - გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.