ადვოკატის თქმით, გელავასა და ნონიაშვილის ხვალინდელი გამოკითხვა გაუქმდა

ადვოკატის თქმით, გელავასა და ნონიაშვილის ხვალინდელი გამოკითხვა გაუქმდა

Atlantic Council-ის მკვლევრის, სოფო გელავასა და მისი ქმრის, პოლიტიკოს გიორგი ნონიაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, საგამოძიებო ორგანოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, მისი დაცვისქვეშ მყოფების გამოკითხვის გაუქმების შესახებ. მისივე თქმით, შესაძლოა მომდევნო კვირაში დაუკავშირდნენ. თუთბერიძემ ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

ადვოკატის ცნობით, მკლევრები 2021 წლიდან ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლები არიან. მან აღნიშნა, რომ გელავასა და ნონიაშვილისგან განსხვავებით ეთო ბუზიაშვილის სახლის ჩხრეკა კანონის სრული დარღვევით ჩატარდა.

"ამგვარი წესით ჩატარებული ჩხრეკები არა ერთი გვინახავს, როცა ადამიანები შედიან სახლში, ართმევენ საკომუნიკაციო საშუალებას ადამიანს, როცა მათ ამის უფლება არ აქვთ, ასევე ადვოკატთან დაკავშირების უფლებას არ აძლევენ და ეს ადამიანი, გარკვეულწილად, ტყვეობაში ჰყავთ, სანამ საკუთარ უკანონო საქმეს არ გააკეთებენ. [..]

პოლიციელები ჩხრეკისას ხშირად დადიან სხვადასხვა ოთახებში, ზუსტად ისე, როგორც სხვა უკანონო ჩხრეკის შემთხვევაში, მათთვის თვალყურის დევნება, ბუნებრივია, შეუძლებელია და მათ სრული თავისუფლება აქვთ, გააკეთონ ის, რაც სურთ. იპოვონ ის, რისი პოვნაც დავალებული აქვთ", - თქვა თუთბერიძემ.

ადვოკატის ცნობით, ჩხრეკები არაკვალიფიციური და უკანონო იყო და გაუგებარია კონკრეტულად რისთვის ჩატარდა სპეცოპერაცია.

"სასამართლო განჩინებები, რომელთა საფუძველზეც ჩატარდა ეს ჩხრეკები არის, აბსოლუტურად, არაკვალიფიციური, დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნაა, როცა სასამართლო გასცემს განჩინებას ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, ის უნდა უთითებდეს ყოველთვის, იმ ნივთს, რისი ამოღება არის საჭირო", - განაცხადა ადვოკატმა.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, ის ადევნებდა თვალს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ჩატარებულ ჩხრეკებს და აღნიშნა, რომ მის დაცვისქვეშ მყოფებს არანაირი კავშირი აქვთ ე.წ. ქოლცენტრების საქმესა და უკანონობასთან.

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მკვლევრები არიან ძალიან მნიშვნელოვანი დასავლური ინსტიტუციისა და ამ მიზნით დისკრედიტაციის მცდელობას აქვს ადგილი", - განაცხადა თუთბერიძემ.

24 ოქტომბერს, თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ფინანსური პოლიცია შევიდა. ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ - 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.

ასევე, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი სთენდაფერ ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლიც გაჩხრიკა.

გარდა ამისა, ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლიც გარჩხრიკეს. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებდა. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ გაჩხრიკეს Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებიც, რომლებიც საქმესთან არ არიან კავშირში. საუბარია სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილზე.