![თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ე.წ. შავფორმიანმა პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს [VIDEO]](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/eaddd3db-e74a-4956-9532-0cb16fb8dedb.png)
ადვოკატი გუჯა ავსაჯანაშვილი, რომელმაც დღეს თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა და დანაშაულის აღიარებას სთხოვდა, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ მას "ჯგუფური ძალადობის" საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის ოჯახმა აცნობა.
კერძოდ, გუჯა ავსაჯანიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მას დაუკავშირდა პოლიტიკური ნიშნით ბრალდებულის ერთ-ერთი მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ დავით გამყრელიძეს ოჯახთან საპროცესო შეთანხმების შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია.
"მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ნიშნით ბრალდებულის მეუღლე დამიკავშირდა, რომელმაც ასევე მითხრა, რომ ბატონ დავითს ასევე ჰქონდა მათთან ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ანუ, ეს არ არის რიგითი ერთი შემთხვევითი გარემოება. საუბარია 225-ე მუხლის ერთ-ერთ ქეისზე. ერთ-ერთის ოჯახის წევრი დამიკავშირდა და მითხრა, რომ იყო მსგავსი კომუნიკაცია და დაინტერესების შემთხვევაში, თუ ვინმე უარყოფს ამას, თუნდაც ბატონი დავითი, მე სქრინები და მტკიცებულებები მაქვს", - თქვა მან.
გუჯა ავსაჯანიშვილმა ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან დავით გამყრელიძის შესვლაზეც და თქვა, რომ ეს იყო თვითნებური გადაწყვეტილება და არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, დაკავებულის ოჯახი არ იყო თანახმა, რომ დავით გამყრელიძე საპატიმროში შესულიყო.
"მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც ბატონი ნიკოლოზის ოჯახი, ასევე თავად ნიკოლოზი არ იყო თანახმა, რომ ეს ადვოკატი შესულიყო. პირველი გარემოება არის ის, რომ ადვოკატი შევიდა თვითნებურად. მეორე გარემოება არის ის, რომ როგორც ბატონი ნიკოლოზი თავის ხელწერილში წერს, ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ დაერწმუნებინათ ადამიანი, რომელმაც მოწოდება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა პატიმრებსაც ეშიმშილათ და თუნდაც, რამდენიმე დღე, 24 საათი ქალბატონი მზიას სოლიდარობის ნიშნად, ამ პირობებში შედის ადვოკატი, ოჯახთან შეუთანხმებლად და სთავაზობს, აღიაროს დანაშაული, რიგ პიროვნებებს ხელი დაადოს და ამის საფუძველზე საპროცესო შეთანხმებას მიაღწევენ და გაუკეთებენ. ამ ყველაფერზე მაყურებელი თავად გამოიტანს დასკვნას, ეს ყველაფერი რა არის და რა ეჭვებს შეიძლება ბადებდეს ეს ყოველივე", - თქვა მან.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებთ დააკავეს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.