ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, უჩა აბაშიძეს დროებითი დაკავების იზოლატორში გუშინ ესაუბრა. მისი თქმით, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ აქტიურობდა აქციებზე.
მახარაძის თქმით, შესაბამის უწყებებს საქმის მასალების გადმოცემის თხოვნით მიმართა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მტკიცებულებებს "გონივრულ ვადაში" მიიღებს.
"თუმცა გონივრული ვადა სადამდეა და რას ფიქრობს გონივრულ ვადაზე გამომძიებელი ან პროკურატურა და რას ვფიქრობთ ჩვენ, ამაზე ვერ ვთანხმდებით, როგორც ჩანს. ასევე, კანონთანაც მოდიან წინააღმდეგობაში, ვინაიდან პირდაპირ წერია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომ ადვოკატის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს დაცვის მხარეს მტკიცებულებები, რომელიც აქამდე აქვთ მოპოვებული. ჩვენ ისევ ველოდებით გამომძიებლებისგან ზარს, რომ მზად არიან მტკიცებულებების გადმოსაცემად.
[...] საუბრობდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, კერძოდ, კონკრეტულად ორი პოლიციელის მხრიდან, რომლებიც პასუხს სთხოვდნენ, თუ რატომ აქტიურობდა აქციებზე", - თქვა ადვოკატმა ფორმულას ეთერში.
უჩა აბაშიძე გუშინ დააკავეს. მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. თითქმის სამი საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. საბოლოოდ, ადვოკატი აბაშიძესთან სახლიდან გამოყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუშვეს.
ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ბლოგერის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სახლში რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში "დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს" - სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა.