ადვოკატი: 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა, ხაზარაძე-ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლდნენ

ადვოკატი: 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა, ხაზარაძე-ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლდნენ

ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საკასაციო საჩივრების განხილვა დასრულდა მისი თქმით, დასაშვებად არ იქნა მიჩნეული არც დაცვისა და არც ბრალდების მხარის საჩივარი.

კორძაძის ცნობით, დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დასრულდა. დასრულდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებულები იქნენ. ასევე, ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ", - აცხადებს ადვოკატი.

***

2022 წლის 12 იანვარს 3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.

ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით სცნო.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა.