აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით აქცია გაიმართა.
თავდაპირველად ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურაძემ თქვა, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, თუმცა შემდეგ პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
"მე მთელი საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში ვიყავი აქ, მე თქვენთვის ხელი არ შემიშლია. შემოვიდა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები, ვისაუბრეთ, მითხრეს, რომ გაარკვევდნენ ადმინისტრაციასთან და მე საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში ველოდებოდი გადაწყვეტილებას ეთერის შესახებ, ისე, რომ თქვენთვის ხელი არ შემიშლია.
შემდეგ მორჩა საინფორმაციო გამოშვება, სიგნალი გაითიშა და მე ისევ მითხრეს, რომ ელოდებოდნენ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ამასობაში, შემოხვედით თქვენ, დასხედით სტუდიაში, შემოიტანეს სკამები და ა.შ. და მე მივხვდი, რომ ისევ ეთერში ვბრუნდებოდით, ამასობაში, შემოცვივდნენ პოლიციელები და ძალის გამოყენებით 4-მა პოლიციელმა გამიყვანა სტუდიიდან. [...]
მე ვუთხარი, რომ არ აქვთ უფლებამოსილება, ჩართული სტუდიიდან გამიყვანონ, იმიტომ რომ ეს არის ტელევიზიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და მათ არ ჰქონდათ საინფორმაციო წარმოებაში ჩარევის უფლება, ამის მიუხედავად, პოლიციელებმა მაინც გამიყვანეს ძალით, ნიღბიანებიც კი აპირებდნენ ჩემთვის ხელის მოკიდებას და გაძევებას. ერთ რამეს ვთხოვდი მათ, რომ ტელევიზიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეთქვათ ჩემთვის, რომ დამეტოვებინა შენობა, პოლიციელებიც იცდიდნენ. მე ვუთხარი, რომ ეს არის ტელევიზია, ეს არ არის შსს-ს დანაყოფი, რომ მათ გათიშონ ეთერი და გაიყვანონ ადამიანი ან შეიყვანონ, წავიდნენ პოლიციელები, არ ვიცი, ვის ესაუბრნენ და მოვიდნენ, მითხრეს, რომ არა, მე უნდა დავტოვო შენობა. ეს იყო ჟესტი ჩემთვის იმის, რომ ეს ტელევიზია არის შსს-ს დანაყოფი", - თქვა მან.
ეთერ თურაძის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტებმა და ადგილზე შეკრებილმა აქტივისტებმა პირდაპირი ეთერი მოითხოვეს და ამ პროტესტის შემდეგ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერ თურაძე, ნეტგაზეთის რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და პუბლიკას რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი პირდაპირ ეთერში ჩართეს.
პირდაპირ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტებმა გაშალეს ბანერი - "თავისუფლება მზიას".
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
პროკურატურამ მას ბრალი გუშინ წარუდგინა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
ბათუმელების თანახმად, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.