
WSJ-ის ინფორმაციით, უკრაინამ და ევროპელმა პარტნიორებმა აშშ-ს წარუდგინეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, რომლის მიხედვითაც სამშვიდობო ნაბიჯები ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ უნდა გადაიდგას, ტერიტორიების გაცვლა კი მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე. ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში, უკრაინამ უნდა მიიღოს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის ნატოში გაწევრიანება.
გეგმა 9 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში, უკრაინის, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრაზე იქნა განხილული და წარედგინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ. დ. ვენსს, როგორც საფუძველი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის 15 აგვისტოს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის.
ზელენსკიმ, რომელმაც უარყო ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა, დღეს ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალთან და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან და აღნიშნა, რომ რუსეთის ომის გაჭიანურების მცდელობაზე პასუხი უნდა იყოს გონივრული და კოორდინირებული მოქმედება.