ზელენსკი: ჩინეთის გარეშე, პუტინის რუსეთი არაფერია

ზელენსკი: ჩინეთის გარეშე, პუტინის რუსეთი არაფერია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის სასარგებლოდ მოქმედების ნაცვლად, ჩინეთი დუმს, თუმცა მიიჩნევს, რომ „ჩინეთის გარეშე, პუტინის რუსეთი არაფერია“.

"ჩინეთიც აქ არის წარმოდგენილი [გაეროს უშიშროების საბჭოში]. ძლიერი ერი, რომელზეც რუსეთი ახლა სრულად არის დამოკიდებული.

თუ ჩინეთს ნამდვილად სურდა ამ ომის შეჩერება, მას შეეძლო მოსკოვის იძულება, რომ დაესრულებინა შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში.

ჩინეთის გარეშე, პუტინის რუსეთი არაფერია.

თუმცა, ძალიან ხშირად, მშვიდობის მიღწევის მიზნით აქტიურობის ნაცვლად, ჩინეთი დუმს და თავს იკავებს", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად იყო, თუმცა მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის ცდილობს, თავი აარიდოს ცეცხლის შეწყვეტას.

"ამერიკის შეერთებული შტატებიც აქ არის - ძლიერი ერი, რომელიც ჩვენს თავდაცვას უჭერს მხარს.

ჩვენ "დიახ" ვუთხარით აშშ-ის პრეზიდენტის ყველა წინადადებას ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთთან მშვიდობის მოსატანად მოლაპარაკებების შესახებ - მაგრამ რუსეთი ყოველთვის ამბობს „არას“ ან ცდილობს ყველას თავგზა აუბნიოს, რათა ცეცხლის შეწყვეტაც კი არ იქნეს მიღწეული", - თქვა ზელენსკიმ.