WSJ-ის ედიტორიალი: საქართველოსა და რუსეთის "ჰიბრიდული ომი"

WSJ-ის ედიტორიალი: საქართველოსა და რუსეთის "ჰიბრიდული ომი"

"საქართველოსა და რუსეთის "ჰიბრიდული ომი" - ამ სახელწოდებით Wall Street Journal ედიტორიალი აქვეყნებს, რომელშიც ქვეყანაში ბოლოდროინდელი მოვლენებია განხილული.

"ვლადიმირ პუტინის მეგობარი თბილისში კრემლის სქემას მიყვება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებაში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობისკენაა მიმართული", - აღნიშნულია ედიტორიალის წინასიტყვაობაში.

ავტორი, სარედაქციო ბორდი, მიმოიხილავს წინააღმდეგობას, რომელიც მოქალაქეების მხრიდან რუსული კანონის განხილვას მოჰყვა. ამასთან, ზეწოლის მეთოდებს, რომლებიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე ხორციელდება.

ედიტორიალი სრულად:

"სახიფათო ავტორიტარული პერიოდის კიდევ ერთ ნიშანია ის, რომ სამშაბათს შავიზღვისპირეთში მდებარე საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რუსული სტილის რეპრესიები განხორციელდეს. მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ გაიტანა კანონი, 200 ათასი მომიტინგის მიუხედავად, რომლებიც შაბათს დედაქალაქ თბილისში მარშით გამოვიდნენ.

ახალი კანონის თანახმად, სამოქალაქო ინსტიტუციებმა, რომლებიც წლიური დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, უნდა განაცხადონ, რომ "უცხოური ძალის ინტერესებს ატარებენ". დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არაკომერციული ორგანიზაციები და ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ მხარდაჭერას აშშ-სა და ევროპისგან, შიშობენ, რომ ხელისუფლება კანონს რეიდების, შემოწმებების, ჯარიმების საბაბად გამოიყენებს, რათა დევნონ ისინი ან დახურვა აიძულონ.

როგორც ქართველებისთვის ცნობილია, სწორედ ეს მოხდა რუსეთში მას შემდეგ, რაც ანალოგიური კანონი მიიღეს.

"ახლა უფრო რუსული ჰიბრიდული ომის სატესტო ქეისი ვართ, ვიდრე პირდაპირი ომის", - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა London Times-თან ინტერვიუში.

ქალბატონმა ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადების პირობა გასცა, მაგრამ ქართული ოცნებას საკმარისი ხმები აქვს, რათა ის დაძლიოს.

ქართველები პროტესტში ერთადერთ გამოსავალს ხედავენ, მაგრამ პოლიცია ხანდახან ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და დაკავებებით რეაგირებს. Civil.ge, რომელიც აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი, იუწყება, რომ კანონის ცნობილ მოწინააღმდეგეებს ჩაუსაფრდნენ და სცემეს. ოპონენტების მშობლები და შვილები ფიზიკური გასწორების შემცველ ანონიმურ ზარებს იღებდნენ, ყვება თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომლის ოჯახმაც ერთ-ერთი ასეთი ზარი მიიღო.

ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ხოლო ამავე წლის ბოლოს ხმოსნები, რომლებიც კანონმდებლებისგან და ადგილობრივი წარმომადგენლებისგან შედგება, პრეზიდენტს აირჩევენ. ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქართული ოცნების გავლენიან ადამიანად რჩება, მის ოპონენტებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში "სათანადო სასჯელით" ემუქრება.

შევიწროება უკვე გავრცელდა საქართველოს არჩევნების დამოუკიდებელ დამკვირვებლებზეც, ამბობს ნინო დოლიძე, თბილისში მოქმედი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. ის ამბობს, რომ მანაც მიიღო უხამსი ზარები, ასევე სცადეს მის 11 წლის ქალიშვილთან დარეკვა.

"კარგი იყო, რომ მის გვერდით ვიდექი. ტელეფონი გავთიშე", - ამბობს ის.

რამდენიმე დღის წინ ვიღაც იმ საცხოვრებელ კორპუსში შევიდა, სადაც დოლიძე შვილებთან ერთად ცხოვრობს, და პირდაპირ კართან პლაკატები გააკრა, რომლებზეც მას "ქვეყნის მოღალატეს" უწოდებდნენ.

საქართველოში მომხდარი მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი ჯონ უილსონი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან არიდებისა და საქართველოში რუსეთის დაზვერვის რესურსების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. უცხოური აგენტების კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ.

კანონპროექტი, ასევე, სთავაზობს საქართველოს შესაძლებლობას, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან, თუ ის კურსს შეცვლის. ეს შეიძლება გადამწყვეტი მომენტი იყოს საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, რადგანაც მისი მოქალაქეები ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის გაჩერებას ცდილობენ".