აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა ივნისის შუა რიცხვებში იცოდნენ, რომ ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის წინააღმდეგ შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა. ამის შესახებ რამდენიმე ამერიკული გამოცემა, მათ შორის Washington Post აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
Washington Post-ის ცნობით, პრიგოჟინის გეგმების შესახებ ინფორმირებული იყო თეთრი სახლი და სხვა უწყებებიც, მათ შორის პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი.
გამოცემა აშშ-ის ხელისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინის გეგმების დეტალები და დრო წინასწარ არ იყო მათთვის ცნობილი, თუმცა "იყო საკმარისი სიგნალები, რომ გვეთქვა ხელისუფლებისთვის, რომ რაღაც ხდებოდა" - განაცხადა ანონიმურმა წყარომ და აღნიშნა, რომ აშშ, სავარაუდოდ "მზად იყო ამისთვის".
ამავე წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ გასული 2 კვირის განმავლობაში იყო "მნიშვნელოვანი შეშფოთება" იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო - დარჩებოდა თუ არა ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების სათავეში და რაიმე ტიპის არასტაბილურობას რუსული ბირთვული არსენალის კონტროლის კუთხით რა შეიძლება გამოეწვია. "ამ ტიპის უამრავი შეკითხვა არსებობდა" - აცხადებს წყარო WP-სთან.
მისივე თქმით, მთავარ საფრთხედ განიხილებოდა "არასტაბილურობა, რომელიც რუსეთში სამოქალაქო ომს შეიძლება მოეტანა".
გამოცემის ცნობით, პრიგოჟინისთვის ამბოხის მთავარი მიზეზი 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრის განკარგულება გახდა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მებრძოლ ყველა მოხალისე დანაყოფს სახელმწიფოსთან კონტრაქტი უნდა დაედო. მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებაში არ იყო ნახსენები ვაგნერის ჯგუფი, ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ მას მიემართებოდა.
აშშ-ის მთავრობის წევრების აზრით, რუსეთის ხელისუფლების მიზანი პრიგოჟინის დაქირავებული ჯარების ხელში ჩაგდება იყო, ვინაიდან სწორედ ვაგნერის მებრძოლები იყვნენ მნიშვნელოვანი ძალა უკრაინაში რუსეთის ომის კამპანიისთვის და რუსეთს ზოგი მნიშვნელოვანი ტაქტიკური გამარჯვება მოუტანეს.
აშშ-ის დაზვერვას ასევე მიაჩნია, რომ პუტინი ინფორმირებული იყო, რომ პრიგოჟინი მის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არაა ცნობილი, როდის შეიტყო მან ამის შესახებ, ეს პრიგოჟინის ამბოხების დაწყებამდე ნამდვილად მოხდა.
უცნობია, რატომ არ იმოქმედა პუტინმა პრიგოჟინის შესაჩერებლად თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირების ვარაუდობენ, რომ პუტინის უმოქმედობა რუსეთის მთავრობის მაღალ დონეზე კოორდინაციის ნაკლებობას და სავარაუდო, შიდა მეტოქეობას ირეკლავს.
24 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.