WP: აშშ-მა გადაწყვიტა, უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გადასცეს

WP: აშშ-მა გადაწყვიტა, უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას დათანხმდა. ამის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს.

პირველმა, ვინც აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Washington Post იყო. გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსული შეტევის შესაჩერებლად გადადგა. ამერიკელი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ უკრაინა აღნიშნული ტიპის ნაღმებს მალე მიიღებს და უკრაინა მათ გამოიყენებს საკუთარ ტერიტორიაზე, სადაც მჭიდრო დასახლება არაა.

როგორც ერთ-ერთი მოსაუბრე WP-სთან ამბობს, აშშ უკრაინას "არასტაბილურ" ნაღმებს გადასცემს, რომელთა დეაქტივაცია რამდენიმე დღეში ან კვირაში ხდება, რაც მოსახლეობისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს.

ბაიდენის ადმინისტრაცია მანამდე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე უარს აცხადებდა, რადგან მიაჩნდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკი მაღალი იყო. 2022 წლიდან თეთრი სახლმა კორეის ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ ამერიკული ნაღმების გამოყენება და გადაცემა აკრძალა.

უკრაინელმა ჩინოსანმა, რომელმაც ასევე ანონიმურად დარჩენა არჩია, WP-ისთან თქვა, რომ ნაღმების გადაცემი მისასალმებელია იმის ფონზე, რომ რუსეთი მათ მაინც იყენებს.

უკრაინა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციის, იგივი ოტავას შეთანხმების წევრია, რომელსაც 167-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. შეთანხმებას არ შეუერთდნენ რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ინდოეთი. კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენებდნენ, შეიმუშავებდნენ, აწარმოებდნენ ან გადასცემდნენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და მათ მფლობელობაში არსებულ ყველა მარაგს გაანადგურებდნენ. უკრაინამ უტილიზაცია 2006 წელს დაიწყო - მაშინ ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი ნაღმი იყო. 2021 წლისთვის უკრაინის საწყობებში ნაღმების ნახევარი დარჩა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ თავდაცვისთვის ნაღმების გამოყენება დაიწყო. რუსეთი ასევე აქტიურად იყენებს ნაღმებს.

აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ მალევე გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნება დართო, ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს.