The Washington Post აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა აზოვისთვის შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა.
"ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა აზოვმა ლიჰის შემოწმება გაიარა", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
აშშ ლიჰის კანონით სამხედრო დახმარების მიწოდებას იმ უცხოური ქვედანაყოფებისთვის კრძალავს, რომლებმაც ადამიანის უფლებები დაარღვიეს.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი დარღვევების მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, როდის მოიხსნა აკრძალვა, ან მიიღო თუ არა აზოვმა ამერიკული იარაღი.
აკრძალვის გაუქმება უკრაინელი ოფიციალური პირებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იყო. მათ განაცხადეს, რომ 2022 წელს, აზოვსტალის დაცვის დროს ბრიგადა გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ შეერთებული შტატების იარაღზე წვდომას მიიღებდნენ.
გამოცემა წერს, რომ აზოვის ბრიგადას, რომელიც თავდაპირველად მოხალისეების ფორმირება იყო და 2015 წელს უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილი გახდა, აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე სრული წვდომა ექნება.