UNAIDS-ი ოცნებას ჰომოფობიური კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს

UNAIDS-ი ოცნებას ჰომოფობიური კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს

გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS) საქართველოში პროპაგანდისტული და ჰომოფობიური კანონის გამო შეშფოთებულია და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.

როგორც პროგრამის განცხადებაშია აღნიშნული, კანონი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ადამიანის უფლებებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ამასთან, UNAIDS-მა მხარი დაუჭირა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებას, რომ ახალი კანონმდებლობა "აწესებს დისკრიმინაციულ შეზღუდვებს განათლებაზე, საჯარო დებატებსა და შეკრებებზე, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან".

"ეს კანონები არღვევს ღირსებისა და თანასწორობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზრდის სტიგმას და ხელს უშლის ლგბტქ+ თემის წვდომას აუცილებელ ჯანდაცვის სერვისებზე. ეს, თავის მხრივ, ძირს უთხრის საქართველოს ძალისხმევას შიდსის აღმოსაფხვრელად და სხვა ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად", - ნათქვამია განცხადებაში.

UNAIDS-ში აღნიშნეს, რომ კანონების, რომლებიც ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაციას ახდენენ, ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში არაა: "ისინი იწვევენ შევიწროებას, დისკრიმინაციას, ძალადობასა და სოციალურ გარიყულობას, რაც საფრთხეს უქმნის მცდელობებს აივ-ის ეპიდემიის დასასრულს".

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს კანონი, რადგან ის გამოიწვევს მხოლოდ მარგინალიზებული თემების შემდგომ იზოლაციას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუარესებას. სტიგმა კლავს, ხოლო სოლიდარობა სიცოცხლეს ხსნის. ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა გადამწყვეტია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური ერთობისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

***

3 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი მოაწერა. ამ კანონს გუშინ, 2 ოქტომბერს ხელი არ მოაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტმა კანონი 17 სექტემბერს მიიღო.

კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.