ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე ბრიტანული გამოცემა The Times წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ კრემლი იძულებული გახდა, ოკუპირებული ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გადატანა დაეწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ბაზა ოჩამჩირეში განთავსდება, ამ ტერიტორიაზე წარსულში საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობდა. მანვე მიუთითა, რომ ინიციატივა მოსკოვიდან წამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი რუსული ხომალდი განლაგდება ბაზაზე.
"ახლა ნათელია, რომ რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს ჩათრევას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში", - თქვა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა.
"დასავლეთისთვის კოშმარული სცენარია ის, რომ რუსეთი დაიწყებს უკრაინაზე თავდასხმას ტერიტორიიდან, რომელიც კანონით საქართველოს ეკუთვნის ან, ალტერნატიულად უკრაინას მოუწიოს ამ მიმართულებით გასროლის განხილვა", - განაცხადა კეზერაშვილმა.
The Times წერს, რომ ყირიმში რუსეთის საზღვაო ხომალდები სულ უფრო მეტად ხდება კიევის სამიზნე. რუსული სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავი სერიოზულად დაზიანდა გასულ თვეში სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სადაც რუსული შავ ზღვის ფლოტი მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ბრიტანული Storm Shadow საკრუიზო რაკეტების გამოყენებით განხორციელდა. ერთი კვირის შემდეგ უკრაინამ სევასტოპოლში ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა. კიევმა განაცხადა, რომ დაიღუპა 30-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ კრემლს სავარაუდოდ თავისი გემები ყირიმიდან ნოვოროსიისკში გადაჰყავს, შავ ზღვაზე რუსეთის მთავარ საპორტო ქალაქში.