
დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცის განლაგების გეგმას წარუდგენს. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ პრემიერი დეტალურად განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ ევროპულ ძალებს დაიცვან ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით იქნება მიღწეული.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი დონალდ ტრამპს მომდევნო კვირას ვაშინგტონში შეხვდება.
The Telegraph დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებული არიან გეგმების შესახებ, წერს, რომ ის ასევე მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შეინარჩუნოს მზადყოფნაში აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები და რაკეტები აღმოსავლეთ ევროპაში, რათა "ლეტალური ძალით უპასუხოს, თუ რუსეთი დაარღვევს ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს".
გამოცემის თანახმად, აშშ-ში ვიზიტის დროს კირ სტარმერი ხაზს გაუსვამს, რომ აშშ-ის ინტერესშია მონაწილეობა მიიღოს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსეთის მესამედ შეჭრის თავიდან არიდებაში.
The Telegraph-ის თანახმად, ბრიტანულ-ფრანგული გეგმის მიხედვით, 30 000-ზე ნაკლები ევროპელი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქებში განლაგდება, ასევე პორტებსა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები, ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან შორს.