TWP: ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

TWP: ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

The Washington Post სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი განსახილველი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო. The Washington Post აღნიშნავს, რომ ტრამპმა პუტინს შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდა და ასევე მას "ვაშინგტონის ევროპაში სამხედრო ყოფნის" მნიშვნელობა შეახსენა.

ანონიმური წყაროს თქმით, ორმა ლიდერმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი განიხილა, ტრამპმა კი გამოხატა შემდგომი დიალოგის სურვილი უკრაინის ომის მალე დასრულების განსახილველად.

ამასთან, Washington Post წერს, რომ უკრაინის მთავრობა პუტინთან საუბრის შესახებ ინფორმირებული იყო და ამის წინააღმდეგი არ ყოფილა, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს, რომ კიევი ამის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.

ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა.

The New York Times სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონი გავლენიან მილიარდერს, ილონ მასკს გადასცა. გამოცემის ინფორმაციით, უცნობია, შეეხო თუ არა მათი საუბარი აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკის რაიმე სახით ცვლილებას, თუმცა წყაროს ცნობით, ზარი ზელენკისთვის პოზიტიური იყო. როგორც ცნობილია, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ზარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ის იპოვის გამოსავალს, რომელიც უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ამის მისაღწევად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს.