NYT: დონალდ ტრამპის ზარი, რომელსაც ილონ მასკიც შეურთდა, ზელენსკისთვის დამაიმედებელი იყო

NYT: დონალდ ტრამპის ზარი, რომელსაც ილონ მასკიც შეურთდა, ზელენსკისთვის დამაიმედებელი იყო

The New York Times სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ახლახან არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და საუბრის დროს ტელეფონი გავლენიან მილიარდერს, ილონ მასკს გადასცა.

გამოცემის ინფორმაციით, უცნობია, შეეხო თუ არა მათი საუბარი აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკის რაიმე სახით ცვლილებას, თუმცა წყაროს ცნობით, ზარი ზელენკისთვის პოზიტიური იყო.

როგორც ცნობილია, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ზარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა.

"პირმა, რომელსაც სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აქვს, მას "კარგი საუბარი" უწოდა და თქვა, რომ ზელენსკიმ ტრამპს წარმატება მიულოცა. როცა ტრამპმა ტელეფონი ილონ მასკს გადასცა უკრაინის პრეზიდენტმა მას უკრაინის საკომუნიკაციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა", - წერს გამოცემა.

ტრამპს არჩევნების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ თუ ტრამპი დაურეკავს აუცილებლად უპასუხებს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფ დასრულებაზე ხშირად საუბრობდა, თუმცა როგორ აპირებს ამის გაკეთებას ჯერ უცნობია.