Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორების თქმით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ მათი და Open Air-ის პარტნიორების ქონება დააზიანეს, გაანადგურეს ან მიითვისეს.
Tbilisi Open Air გმობს ხელისუფლების მიერ წახალისებული ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მიერ ფესტივალის ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს.
ორგანიზატორების ცნობით, გატეხილია საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები და პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები.
TOA აცხადებს, რომ შსს-თან თანამშრომლობა და დახმარების მიღება სცადეს, თუმცა უწყებისგან პასუხად უარი მიიღეს, ამიტომ ტერიტორიის დასაცავად ფესტივალის კერძო დაცვა გამოიძახეს.
Tbilisi Open Air-ის განცხადება:
"ვეხმაურებით და სასტიკად ვგმობთ ჩვენი ფესტივალის ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს, რომლებსაც დღეს ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი პრორუსული ჯგუფები ახორციელებდნენ.
ჩვენი ფესტივალის ტერიტორიას, Lisi Wonderland-ს, იჯარის საფუძველზე ვქირაობთ ყოველწლიურად და მასზე განთავსებული ინვენტარი ფესტივალის საკუთრებაა.
ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი და ჩვენი ფესტივალის პარტნიორების კუთვნილი ქონება დააზიანეს, გაანადგურეს ან მიითვისეს.
გატეხილია ჩვენი საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, ასევე დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები, ჩვენი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები.
ეს არის კერძო ტერიტორიის მიზანმიმართული განადგურება, ინვენტარის დაზიანება და ძარცვა. შსს-თან თანამშრომლობისა და დახმარების მიღების მცდელობის მიუხედავად, პასუხად მივიღეთ უარი, ამიტომ გამოვიძახეთ ფესტივალის კერძო დაცვა, რათა აღარ გაგრძელდეს ტერიტორიის განადგურება, თუმცა რა კადრებიც დღეს გავრცელდა, ისედაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომელმაც წაახალისა ველური ჯგუფები და ხელი შეუწყო როგორც პრაიდ ფესტის ჩაშლას, ასევე ჩვენი ფესტივალის ტერიტორიის მიზანმიმართულ განადგურებას, რაც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის თანამშრომლები კი მხოლოდ ბრბოდან ნაცნობების გამორჩევითა და მათი ჩახუტებით შემოიფარგლებოდნენ.
Tbilisi Open Air 14-წლიანი გამოცდილებით სწორედ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და სიყვარულის იდეაზე დგას. დაუშვებლად მიგვაჩნია ყოვლად ამორალური და ადამიანური ღირებულებებისგან დაცლილი ძალადობრივი ჯგუფების უკანონო ყოფნა და ქმედება თბილისი ოფენ ეარის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ათი ათასობით ადამიანი სწორედ თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების გარშემო იკრიბება.
ის, რაც დღეს აგრესიულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს საფესტივალო ტერიტორიაზე, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს.
სიყვარული სიყვარულია!" - წერია განცხადებაში.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.