მოსამართლე ზვიად შარაძემ დეკლარაციებში მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებმა 120 000 ლარი აჩუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ 4 მიწის ნაკვეთს დეკლარაციაში მალავს.
"ზვიად შარაძე 2020 წელს კარტოგრაფების საქმესაც განიხილავდა. სწორედ 2020 წელს დაადეკლარირა მან მსხვილი საჩუქრის მიღება მშობლებისგან, ხოლო მისმა მეუღლემ 4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.
საჩუქრები მშობლებისგან: ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს. აქედან 108 129 ლარი ზვიად შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო", - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა.
ამასთან, ზვიად შარაძე მის ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებს მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს:
"დამალული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მსხვილი საჩუქრის მიღების თარიღი საეჭვოდ ემთხვევა ზვიად შარაძის მიერ 2020 წელს კარტოგრაფების პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მოსამართლეობას. მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით. ასევე, მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ზვიად შარაძის დეკლარაცია", - ნათქვამია განცხადებაში.