TI-ის ანგარიში: ქუთაისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე 1 521 640 ლარი დაიხარჯა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2023 წელს ქუთაისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე 1 521 640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49 024 ლარი მიიღეს.
TI-მ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წელს გაწეული საქმიანობა შეაფასა. ანგარიში საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს ეფუძნება.
ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები
- ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წინა წლებისგან განსხვავებით, საჯარო ინფორმაცია არასრულად ან/და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით მოგვაწოდა. ამიტომ წარმოდგენილ კვლევაში რიგი მონაცემები სრულფასოვნად არ აისახა.
- ქუთაისის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
- ოდნავ გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე. საანგარიშო პერიოდში სულ 24 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 6 იყო რიგგარეშე;
- საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ 31 დადგენილება მიიღო. მათგან 25-ის ავტორი/ინიციატორი იყო ქუთაისის მერი, 6 დადგენილებისა კი - საკრებულოს თავმჯდომარე.
- ქუთაისის საკრებულოს 19 თანამდებობის პირიდან დეკლარაციები დარღვევით 5-მა თანამდებობის პირმა შეავსო.
- 2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას ოქტომბრის თვეში წარუდგინა, ხოლო საკრებულოს - ნოემბერში.
- ქუთაისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს. საბჭომ შეიმუშავა გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა; ასევე, საბჭომ საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის შესახებ საკრებულოს და მერიას რეკომენდაციები წარუდგინა.
- საანგარიშო პერიოდში შრომის ანაზღაურებაზე 1 521 640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49 024 ლარი მიიღეს;
- 2023 წელს ქუთაისის საკრებულომ 82 494 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 218 191 ლარი შეადგინა;
- 2023 წელს ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 26 943 ლარს მიაღწია.