საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი - 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდის.
მეორე ადგილზეა ლელო საქართველოსთვის - 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 84 299 ლარით.
გამჭვირვალობის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ქართულმა ოცნებამ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა - მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხები გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს.