Sky News: დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს

Sky News: დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს.

ინფორმაციას Sky News ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება პრეზიდენტმა მაშინ გააკეთა, როდესაც უკრაინა-აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის შედეგებს, კერძოდ კი, უკრაინის მხრიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე თანხმობას გამოეხმაურა.

"ჩვენ გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს", - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ამასთან, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ რუსეთთან შეხვედრას დღეს ან ხვალ გამართავს.

***

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის, დათანხმდეს 30 დღით დაუყოვნებლივ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

ამასთან, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და სამხედრო დახმარების მიწოდებას.

"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას.

აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელეს.

დღეს, 11 მარტს უკრაინის დელეგაცია ჩავიდა ჯიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის.

მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან გავლენიანი პირები მონაწილეობენ. ამერიკული დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, თუმცა The Economist წერდა, რომ ცენტრალური როლი შესაძლოა დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სტივ უიტკოფმა ითამაშოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის მთავარი მრჩეველია. მასთან ერთად დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მრჩეველი პავლო პალისა.