SJC: ოცნება FARA-ს სამოქალაქო, მედია ორგანიზაციებზე კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს

SJC: ოცნება FARA-ს სამოქალაქო, მედია ორგანიზაციებზე კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოცნების მიერ ამერიკული კანონის უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA) გამოყენების პრაქტიკაზე შეფასებას აქვეყნებს.

ცენტრი აღნიშნავს, რომ FARA-ს ნებისმიერი გონივრული განმარტების პირობებში, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები კანონის რეგულირების სფეროს მიღმა უნდა დარჩნენ, ქართული ოცნება კი კანონის შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.

ორგანიზაციის ცნობით, 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.

"საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები FARA-ს აგენტის დეფინიციაში იმიტომაც ვერ მოექცევიან, რომ ისინი მრავალფეროვანი წყაროებიდან დაფინანსების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს − რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსების შესახებ. სასამართლო საქმეებიც, რომლებიც FARA-ს ამა თუ იმ ასპექტის კონსტიტუციურობას განიხილავდა, ადასტურებს, რომ კანონს ვიწრო მიზანი და რეგულირების სფერო აქვს.

FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ FARA-ს კანონის საქართველოში მიღების პროცესში გასათვალისწინებელია ერთი ფუნდამენტური საკითხი - ეს კანონი ამერიკული სამართალში, რომელიც პრეცედენტულ სამართლის სისტემას ეფუძნება, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად აღსრულდება, რომელიც სავალდებულოა და სამართლის წყაროს ძალა აქვს.

"ჩვენს რეალობაში კი FARA-ს ტრანსპლანტაცია შეუძლებელია მხოლოდ კანონის ტექსტის კოპირებით, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებს და პრინციპებს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება FARA-ს კანონის ამერიკული სასამართლო პრაქტიკის ლოგიკით გამოყენებას ასევე ზედმიწევნით შეეცდება, მაშინ აშკარაა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული, მაგრამ დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები FARA-ს ტიპის კანონის მოქმედებაში ვერ მოექცევიან. როგორ ჩანს, „ქართულ ოცნებას“, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების კონტროლისთვის აშკარად შეუსაბამო FARA-ს გადმოღება, კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და ინდივიდუალურ დონეზე კანონის სელექციური და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს.

ამაზე ღიად მიუთითებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე. მმართველ გუნდს FARA-ს კანონის გამოყენება საქართველოში, ამერიკული რეალობისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი სასამართლოს და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის მყარად დამკვიდრებული გარანტიების გარეშე ესახება და წარმოუდგენია, რომ ამერიკული სახელდების კანონის ინსტრუმენტალიზებას სამოქალაქო საზოგადოების დაზიანებისთვის გამოიყენებს.

იმ პირობებში, როდესაც კანონის ბოროტად გამოყენების რისკები და მისი მსუსხავი ეფექტი ამერიკაშიც აქტუალური რჩება და კრიტიკოსების ყურადღებას იპყრობს, ცხადია, ვერ გვექნება მოლოდინი, რომ „მიტაცებული“ სასამართლო FARA-ს ნორმებს თვითნებურად, არაგონივრულად და ზედმეტად ფართოდ არ განმარტავს. ამდენად, კრიმინალიზების მანდატით აღჭურვილი FARA-ს შემოღება ქართულ რეალობაში აბსოლუტურად განსხვავებული შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ის არის აშშ-ში.

დასკვნის სახით, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ FARA კონკრეტული მიზნებისთვის მიიღეს აშშ-ში და ბოლო წლებამდეც, ერთეული შემთხვევების გარდა, ვიწროდ, კანონის მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა.

FARA-ს რეგულირების სფეროს ვიწროდ ხედავს ამერიკის უზენაესი სასამართლოც და ამ საკითხზე იუსტიციის დეპარტამენტის ბოლოდროინდელი, 2024 წლის 12 მარტს გამოცემული, განმარტებებიც.

"საქართველოს კონტექსტში FARA-ს განსაკუთრებული პრობლემურობა ვლინდება „ქართული ოცნების“ განზრახვაში, FARA-ს ანალოგი ინსტრუმენტად აქციოს იმავე შედეგების მისაღწევად, რისთვისაც ე.წ. „რუსული კანონი“ იქნა მიღებული. „ქართული ოცნებისთვის“ FARA-ს მიღება მხოლოდ მექანიზმია კრიტიკულ აზრის მაწარმოებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და აქტივისტებზე ზეწოლის გასაზრდელად და, საბოლოოდ, მათი ხმების საჯარო სივრციდან გასაქრობად, რაზეც, თავად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებიც მიუთითებენ. ნიშანდობლივია, რომ FARA-ს ფართოდ განმარტების ტენდენცია ან/და, მასზე აპელირებით რუსული სტილის „აგენტების კანონების“ მიღება ადგილობრივი, იზოლირებული მოვლენა არ არის, და ის მემარჯვენე პოპულიზმის და ავტორიტარული მართვის მოდელის გლობალური გავრცელების ერთ-ერთი გამოვლინებაა. კრიტიკა, რომელიც არსებობდა „აგენტების კანონთან“ მიმართებით − რომ ის „ქართულ ოცნებას“ ანტიდემოკრატიული მიზნებისთვის სჭირდებოდა − ვალიდურია FARA-ს შემთხვევაშიც.

კანონი, თუ ის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ემსახურება, ფუნდამენტურად მიუღებელია მისი წარმომავლობის მიუხედავად. სამართალი, რამდენადაც ის სოციალური და პოლიტიკური ფენომენია, მნიშვნელობას გამოყენებისას იძენს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-ში FARA დაამტკიცეს მეორე მსოფლიო ომის ზღვარზე, როცა ადამიანის უფლებების გლობალური დოქტრინა და ლიბერალური დემოკრატია, ამჟამინდელი გაგებით, ფაქტობრივად არც არსებობდა.

დღევანდელი რეალობისგან შორს დგას მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ცივი ომის რეჟიმი და ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ნაწილებად გაყოფილი მსოფლიოც. დღეს ცხადად ჩანს, რომ ქართულ რეალობაში FARA ტიპის კანონის მიღება ატარებს სერიოზულ რისკებს, რომ პოლიტიკური კლასის მიერ ის აისტორიულად და უფრო მეტიც, კონკრეტული პარტიული მიზნებისთვის განიმარტება, რაც შეუსაბამო იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის პრინციპებისთვის. ასეთ დროს, FARA-ს მსგავსი კანონები მარტივად შეიძლება გახდეს პოლიტიკური რეპრესიის იარაღი, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გამხდარა (იხ. ნიკარაგუის მაგალითი).

FARA-ს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება („ვეპონიზაცია“) სწორედ ის საფრთხეა, რომელიც ჩვენს კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა. თუ ე.წ. რუსული კანონი თავის მიზანს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კრიტიკული ადამიანების მისი მოქმედების ფარგლებში ექსპლიციტური ნორმატიული მოქცევით აღწევდა, FARA უცხო (პირდაპირი გაგებით) ნორმატიული რეგულირების ველი გაურკვეველი და ბუნდოვანი სამართლებრივი ზონაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ისე განმარტავს, როგორც მის პარტიულ ინტერესებს შეეფერება. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის იარლიყის რეპუტაციულად დამაზიანებელ, არაკონსტიტუციურ ეფექტს „ქართული ოცნება“ ამყარებს FARA-ს კრიმინალიზების ინსტრუმენტით, იმის მიუხედავად, რომ ის აბსოლუტურად სხვა ჯგუფსა და საქმიანობას მიემართება. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს, ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების კონტროლისთვის შეუსაბამო FARA-ს გადმოღების შესახებ მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ მას FARA-ს ამოქმედება სამოქალაქო საზოგადოებასთან და მიმდინარე პროტესტთან გასამკლავებლად სჭირდება"- ნათქვამია განცხადებაში.