SJC: მოვუწოდებთ ILO-ს, შექმნას საგამოძიებო კომისია საჯარო სამსახურში წმენდაზე

SJC: მოვუწოდებთ ILO-ს, შექმნას საგამოძიებო კომისია საჯარო სამსახურში წმენდაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი მოუწოდებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მასობრივი გათავისუფლებები. სამსახურიდან ათავისუფლებენ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ იმ ადამიანებს, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გზით.

საჯარო უწყებების სია, საიდანაც საჯარო მოხელეები სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლეს, მათ შორის, მოიცავს:

  • იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
  • იუსტიციის სახლი;
  • დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;
  • თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურებისა და იურიდიული საქალაქო სამსახურები;
  • თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო;
  • თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალგაზრდობის სააგენტო;
  • საქართველოს პარლამენტი;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახური;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
  • რუსთავის მუნიციპალიტეტი;
  • ადიგენის მუნიციპალიტეტი

"უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა ნაწილი თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე სასამართლოში იბრძვის. მათ იურიდიულ დახმარებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი უკვე 100-ზე მეტ პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ამ დოისთვის პროფესიულ კავშირად ოფიციალურად რეგისტრაციაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ათობით უკანონოდ გათავისუფლებულს ეხმარება, რაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს შეიცავს.

"საჯარო მოხელეების გაერთიანებამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად რეგისტრაციის მოთხოვნით 2024 წლის 25 დეკემბერს მიმართა, რის შემდეგაც რეესტრმა წარდგენილ დოკუმენტაციაზე ხარვეზი დაადგინა, რომელიც მალევე, 30 დეკემბერს აღმოიფხვრა, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლმა განახლებული დოკუმენტაცია წარადგინა. ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრმა კვლავ დაუსაბუთებლად განაცხადა უარი კავშირის ა(ა)იპ-ად რეგისტრაციაზე ისე, რომ განმცხადებლისთვის სათანადოდ არ განუმარტავს უარის არგუმენტაცია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია, მათ განემარტათ კიდევ ერთი ფორმალური ხარვეზის - პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევის აუცილებლობის - შესახებ.

ამ მოთხოვნის გათვალისწინების შემდეგ, 27 იანვარს საჯარო რეესტრს დამატებით წარედგინა დოკუმენტაცია, რის შემდეგაც, 28 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აბსოლუტურად ფორმალური საფუძვლით (წესდების მუხლების ურთიერთშეუსაბამობაზე მითითებით) საერთოდ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება და უარი თქვა კავშირის რეგისტრაციაზე, მაშინ, როდესაც იგი ვალდებული იყო, ხარვეზის არსებობის შესახებ მიეთითებინა განმცხადებლისთვის და მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ვადაც განესაზღვრა. რეესტრის ეს გადაწყვეტილება პროფესიულმა კავშირმა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა.

პროცესის გაჭიანურება, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის აქამდე არსებულ პრაქტიკასთან შეუსაბამო ფორმალური ხარვეზების გამოყენება აჩენს ეჭვებს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო მოქმედებს პოლიტიკური ინსტრუქციების შესაბამისად და “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” რეგისტრაციაზე უარი რეალურად პოლიტიკური დევნის და შევიწროების გამოხატულებაა, რაც ამ ორგანიზაციის აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) წევრი სახელმწიფო, რომელიც შრომის საკითხებისადმი მიძღვნილი გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციაა.

შსო-ს აქვს მანდატი, საკუთარი ინიციატივით შექმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, იმ შემთხვევაში, როდესაც წევრ სახელმწიფოში მის მიერ რატიფიცირებული კონვენციის მწვავე და განგრძობადი დარღვევები ფიქსირდება. საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111 კონვენცია შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც კრძალავს შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციას. საქართველოში საჯარო უწყებებში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე გათავისუფლებები არის მაღალი სიმწვავის, მასშტაბისა და განგრძობადი ხასიათის. შესაბამისად, აღნიშნული სიტუაცია აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებს. მასობრივი საკადრო წმენდა ძირს უთხრის საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მოტივირებულია საჯარო სამსახურზე სრული პარტიული კონტროლის დამყარების განზრახვით და წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს საჯარო ინსტიტუტებზე. ამ საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწრაფო რეაგირება და საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა მნიშვნელოვანი ბერკეტი იყოს საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა რეპრესიების შესაჩერებლად. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ მოუწოდებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა"- ნათქვამია განცხადებაში.